






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) – რა ფორმით გააგრძელებს საქნახშირი შახტების ექსპლუატაციას სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება ცნობილი.
შახტებში არსებულ მდგომარეობაზე სისტემურ შემოწმებას მთავრობის მიერ დაქირავებული ექსპერტები განახორციელებენ.
მოლაპარაკებები 3 გერმანულ კომპანიასთან მიმდინარეობს და მათ შორის, ერთ-ერთის შერჩევა 10 აგვისტომდე უნდა მოხდეს.
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი GBC- სთან აღნიშნავს, რომ კვლევისთვის 3-4 კვირიანი პერიოდი იქნება საჭირო, შემდეგ კი შესაბამისი დასკვნის მომზადება მოხდება.
ექსპერტებმა უნდა გაწერონ გეგმა, რა სახის სამუშაოები და ფინანსებია საჭირო იმისათვის, რომ შახტებში საფრთხე მინიმუმამდე შემცირდეს.
ჯაყელი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში შახტებში უსაფრთხოების და სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა მაინც რჩება, რასაც კომპანია ამჟამად, ტექნიკური პერსონალის და სამთო მაშველების მეშვეობით ახორციელებს, თუმცა კადრების სიმცირეს განიცდის.
ამასთან, კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეშახტეებზე ზეწოლა ხდება და კომპანია მათ აიძულებს საფრთხის შემცველ გარემოში იმუშაონ.
„უსაფრთხოების თემებზე ყურადღება აუცილებელია, რომ არ მოხდეს დატბორვა, ან ხანძარი, თუმცა სერიოზულს ვერაფერს გავაკეთებთ. ის სამუშაო რაც ამჟამად მიმდინარეობს, შემსრულებლებისთვის უსაფრთხოა“, - ამბობს ჯაყელი.
შეგახსენებთ, შახტები 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დახურულია. დასაქმებულები ამ პერიოდში ხელფასს მიიღებენ.