






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევით ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა.
ინტერპრესნიუსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ეს საკითხი ფრაქციის გუშინდელ სხდომაზე წამოჭრა,.
სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ამასთან, წყაროს ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.
საკითხის კომენტირება IPN -მა მმართველი გუნდის წევრს აკაკი ზოიძეს სთხოვა.
“იყო შიდა საუბრები, რაც არა მგონია საჯარო იყოს. თუ საზოგადოებას აინტერესებს, ამ კანონპროექტის უკან შემოტანასთან დაკავშირებით არავითარი გეგმა არ არის - ამის შესაძლებლობა აღარ არის, იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის წარმოების გადაწყვეტილებას ყოველ დღე ახალი ქვეყანა იღებს. ის შესაძლებლობა, რაც მაშინ იყო, აღარ იქნება! საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებთან გზავნილი არასწორად მიგვაქვს. კანაფთან დაკავშირებული კანონპროექტი სწორედ ამის მაგალითად დასახელდა, რადგან ხალხმა იფიქრა, თითქოს ნარკოტიკების წარმოებას ვაპირებდით. ეს იყო საბაბი, რატომაც წამოიწია ეს თემა. თავის დროზე, როცა პარლამენტში კანონპროექტი შემოვიდა, იყო დასაბუთება, თუ რა სარგებლის მოტანა შეეძლო. დღეს ამ სარგებელს ვეღარ მოიტანს - გუშინდელ შეხვედრაზე ამ ფაქტის კონსტატაცია იყო“, -განაცხადა აკაკი ზოიძემ.