ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3073        EUR 3.9215        GBP 4.3918        RUB 4.3481        UAH 1.1656        AZN 1.9455        AMD 6.6014      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიძინა ივანიშვილის განცხადება /სრული ტექსტი/
30 ოქტომბერი, 2020, 20:41
თბილისი (GBC) - მივესალმები მთელ საქართველოს, მის მრავალეროვან ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ყველა მათგანის მზერა მოპყრობილია საკუთარი სამშობლოსკენ.
დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის.
ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და მე ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება.
ხვალ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ, ყველა ჩვენთაგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის, ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათვალისწინებით და მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი.
დღეს კი, ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას.
ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია.
ფაქტია, რომ ყველა ის წარმატება, რისი მიღწევაც ოცნებამ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ.
მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება.
მე პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, ოპოზიციურ ველზე კვლავ დომინირებს რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალა, რის გამოც, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, ამ ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს.
ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევანი ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი - ჩვენი ძმები და დები არიან.
გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავუწბილოთ მათ ეს იმედი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ვერავინ და ვეღარასდროს გაბედოს მსახურად დაიყენოს ხალხი, დაჩაგროს და ღირსება შეულახოს მათ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში აღარასოდეს დაისადგუროს შიშმა და უსამართლობამ. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მოქალაქემ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც არ იგრძნოს მიტოვებულად თავი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ადამიანს უსახსრობის გამო არ ეშინოდეს ექიმთან მისვლის. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ქართველ კაცს არასოდეს მოუწიოს აჩეხოს ვაზი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ევროპული ხარისხის განათლების საქართველოში მიღების გარანტია, ჩვენ ოჯახებს - კეთილდღეობა, ხანდაზმულებს კი - ღირსეული სიბერე. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ურღვევი. ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რათა გაგრძელდეს ქვეყნის შენება და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. მოდით, კვლავაც ერთად ვატაროთ ჩვენი ქვეყანა გამარჯვების გზაზე და კვლავაც ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს წარმატებისთვის.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები