






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - მიუნხენის კონფერენცია მსოფლიოში უმსხვილეს პლატფორმად რჩება, სადაც გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ფორუმი გერმანიაში 1963 წლიდან ყოველწლიურად კრებს მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას.
მიმდინარე წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კონფერენცია ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. პარასკევს, 19 თებერვალს, მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და სხვა ევროპელი ლიდერები.
კონფერენცია, რომელიც ბაიდენის ინაუგურაციიდან ერთ თვეში იმართება, საფუძველი უნდა ჩაუყაროს აშშ–კვროკავშირს შორის კავშირების გამყარებას, რასაც სერიოზულად შეუყენა წყალი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია არაერთხელ აკრიტიკებდნენ ნატო–ს, ევროპელ მოკავშირეებს სანქციების დაწესებითა და საექსპორტო დაბეგვრით ემუქრებოდნენ. ასევე, ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონი რიგი საერთაშორისო შეთანხმებებიდან გავიდა.
ონლაინ–ღონისძიება ტრადიციული ყოველწლიური ფორუმის შეკვეცილი ვერსია იქნება, რომელიც აქამდე 3 დღეს გრძელდებოდა.
მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე, გერმანიის ყოფილი ელჩი აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში ვოლფგანგ იშინგერი DW-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის პირადი შეხვედრების შესაძლებლობას. მისივე თქმით, უსაფრთხოების კონფერენცია რომ ტრადიციულ ფორმატში ჩატარებულიყო, აშშ–ის პრეზიდენტის დელეგაციაში მისი ადმინისტრაციის ათობით თანამშრომელიც იქნებოდა, რომლებთანაც არსებულ პრობლემებსა და ინტერესებს განიხილავდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფორუმს რუსეთის, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები არ დაესწრებიან. „ეს ამერიკულ–ევროპული ღონისძიებაა, რომლის მიზანია ჩვენი ძალისხმევების გაერთიანება ისეთი გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, პანდემია და ტერორიზმი“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.