







თბილისი (GBC) - მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელი, ფლორენტინო პერესი ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდა.
პერესთან შეხვედრა პრემიერმა კვირიკაშვილმა გამართა, მან ესპანელ ბიზნესმენს საქართველოს საინვესტიციო გარემო და მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.
ACS ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.
შეგახსენებთ, ACS მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც პროექტებს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს.
კომპანიის გლობალური წარმომადგენლობები ფუნქციონირებს გერმანიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში და ა.შ. ACS წამყვანი კომპანიაა სამოქალაქო და სამრეწველო კონსტრუქციების, სერვისებისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.