







თბილისი (GBC) - ოპოზიცია მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვას უწუნებს.
ერთიანი ნაციონალური პარტიის წევრი რომან გოცირიძე ბიუჯეტის ხარჯების 302 მილიონით "გარღვევაზე" წერს და საზოგადოებას გადავადებული ხარჯვის უარყოფ ეფექტსაც ახსენებს.
"სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა. უნდა დახარჯულიყო 2, 767 მილიარდი ლარი, ფაქტობრივად, დაიხარჯა 2, 465 მილიარდი. თუ რას ნიშნავს არათანაბარზომიერი, გადავადებული ხარჯვა, ეს ყველამ იგრძნო საკუთარ თავზე ამ ოთხი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მიაყარეს ფული და რამაც ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი", - წერს პარლამენტარი Facebook-ში თავის გვერდზე.
ფინანსთა სამინისტრომ კი დღეს ინფრასტრუქტურის დანახარჯების გადაჭარბებით შესრულებაზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ I კვარტალში დახარჯა 206.8 მლნ ლარი და კვარტლის გეგმის მიმართ შესრულების მაჩვენებელმა შეადგინა 105,5%.