ოქრო NYMEX(უნც.)  1285.34  -0.08%    |    პლატინა (უნც.)  930.85  -0.42%    |    ვერცხლი (უნც.)  17.02  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  979.92  +0.41%    |    ნიკელი (ტონა)  11807.5  +0.34%    |    ალუმინი (ტონა)  2122.75  -0.97%    |    ნავთობი (Brent)  58.30  +0.73%    |    გაზი(NYMEX)  2923  -1.32%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.04  0.00%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  124.30  +0.22%    |    ხორბალი (ტონა)  434  -0.14%    |   
 USD 2.4863        EUR 2.9405        GBP 3.2725        RUB 4.3181        UAH 0.938        AZN 1.4646        AMD 5.1583      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
გახარია: შრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს
10 მაისი, 2017, 10:44
გახარია: შრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს

თბილისი (GBC) - ტყიბულში მინდელის შახტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოები დასრულდა. 

ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან უკვე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. მინდელის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეებს, მეშახტეებს, ტყიბულელებს. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა, ბოლო მომენტამდე მაინც გვქონდა იმედი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.  ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი. დაღუპულთა ოჯახებს გაეწევათ ყველა სახის კომპენსირება როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დღეს არ არის აქ ის სიტუაცია, რომ ვეძებოთ მტყუან–მართალი, რადგან ახლა ამ ქალაქს, ჩვენს მეშახტეებს უნდა დავუდგეთ გვერდში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს და თითოეულ მეშახტეს ეს ტრაგიკული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში დასაქმებულთა უფლებები, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ შრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კანონმდებლობამ უკვე კარდინალური და სერიოზული პროგრესი განიცადა. „რაც შეეხება შრომითი პირობების დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ წარმოებებში ის  სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დაღუპულთა ოჯახებს ასევე მიუსამძიმრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. 

„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულატ ჯაყელის თქმით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების თანადგომისთვის.

„ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ, მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ კოლექტივს. ჩვენი კომპანია მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ასევე მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შევხვდით, ვესაუბრეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯამბულატ ჯაყელმა.

კომპანია „საქნახშირის“ ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია 9 მაისს მოხდა,  ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს ბადია მოწყდა და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში მაშინვე გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ტყიბულში იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი მეშახტეების სამძებრო სამუშაოები დაახლოებით დილის 08.30 საათზე დასრულდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები