







თბილისი (GBC) - ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPAs) გაუქმდა.
ცვლილებები მთავრობის 214-ე დადგენილებაში შევიდა, რომელიც არეგულირებს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში შემავალი პროექტებისთვის ინტერესთა გამოხატვის წესებს.
ამჟამად, ნუსხა შედგება 98 მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდრო პროექტისგან, რომელთა ჯამური საპროგნოზო დადგმული სიმძლავრე 1.5 გვტ.-ია.
ცვლილების მიხედვით, ნუსხაში შემავალი ჰესები აღარ მიიღებენ გარანტირებულ ტარიფს ესკოსგან.
ამასთან, წინა-სამშენებლო გარანტია გაიზრდება 5,000-დან 15,000 აშშ დოლარამდე. ერთ პროექტზე რამდენიმე მსურველის შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოსავლენი კრიტერიუმი იქნება ინვესტორის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის მოცულობა.
ადრინდელი წესით, პროექტი იმ ინვესტორს გადაეცემოდა, რომელიც უფრო დაბალ ტარიფს მოითხოვდა.
აღნიშნული ცვლილება არ შეეხება უკვე გაფორმებულ მემორანდუმებს. ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს (როგორიცაა სეზონური რეგულირების ჰესები) შესაძლოა კვლავ მისცენ გარანტირებული ტარიფი
გამონაკლისის სახით, თუმცა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ ფისკალური რისკების დეტალური შეფასების შემდეგ.
შეგახსენებთ, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ერთ-ერთი საკითხია რომლის მოგვარებასაც სავალუტო ფონდი ითხოვდა.