







თბილისი (GBC) - ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი "ბადაგონის" გენერალურ დირექტორს, გიორგი სალაყაიას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის.
სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია.
ბიზნესმენის ადვოკატი, ზვიად კორძაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს დავით ბეჟუაშვილს კავშირი აქვს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, გიორგი სალაყაიამ არათუ უარყო ბრალდება, არამედ მეორე პრესკონფერენციაზეც იგივე გაიმეორა და დაადასტურა, რომ არ აპირებს ამის უარყოფას.
"სარჩელი შეგვაქვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და მოვითხოვთ მის მიერ მედიაში გავრცელებული, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფას", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
შეგახსენებთ, კომპანია „ბადაგონის“ მფლობელი გიორგი სალაყაია კომპანიის წილებთან დაწყებულ დავასთან დაკავშირებით დავით ბეჟუაშვილის ინტერესს ხედავს.