თბილისი (GBC) - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან რუსეთი შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ ერდოღანმა G20–ის სამიტზე განაცხადა, წერს გამოცემა The Guardian.

ერდოღანის თქმით, ინციდენტი შეიძლება ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა. მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, არ იჩქარონ რუსეთის დადანაშაულება.

„მე შევხვდი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. საერთო შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული წარმოების, რაც გარკვეული ფაქტების ამოხსნისკენ გვიხსნის გზას. ამიტომ არ უნდა ვამტკიცოთ დაჟინებით, რომ ეს რაკეტა რუსეთმა გაუშვა. ეს პროვოკაცია იქნება“, – თქვა მან.

მანამდე, სამშაბათს საღამოს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩავარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. შემთხვევას პოლონეთის ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლონური მედია წერდა, რომ რაკეტები, სავარაუდოდ, რუსეთის მიერაა გაშვებული.