თბილისი (GBC) - გერმანიის მთავრობა სხვა ქვეყნების მიერ გერმანული წარმოების ტანკების Leopard უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგი არ იქნება, თუ ბერლინს ასეთი თხოვნით მიმართავენ, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ფრანგული ტელეარხის LCI ეთერში. 

„ასეთი თხოვნით ჯერ არავის მოუმართავს, მაგრამ რომ ეთხოვათ, ჩვენ ხელს არ შევუშლიდით“, – თქვა მინისტრმა.

ანალოგიური აზრი გამოთქვა იანვრის შუა რიცხვებში ვიცე–კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბერლინი არ უნდა გადაეღობოს სხვა ქვეყნებს, თუ ისინი მიიღებენ უკრაინის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას.

პოლონეთის ხელისუფლება უკრაინას Leopard–ების მიწოდებას იანვრის შუა რიცხვებში დაჰპირდა. ვარშავა ქვეყნების კოალიციის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერის კოორდინაცია მოხდებოდა იმ შემთხვევისთვის, თუ გერმანია არ დაეთანხმებოდა ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებას. „ან სწრაფად მივიღებთ ასეთ ნებართვას, ან ისე მოვიქცევით, როგორც საჭიროდ ჩავთვლით“, – განაცხადა მოგვიანებით პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ.