თბილისი (GBC) – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობის, 2022 წლის განმავლობაში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 822 486 მგზავრს მოემსახურა. 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 94 %-ით აღდგა, ხოლო რეისების რაოდენობა 112 %-ით. (2019 წელი 873 907 მგზავრი, 2 886 რეისი).

რაც შეეხება 2022 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებლებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში, დავით აღმაშენებლის სახელობის

აეროპორტით  85,008 მგზავრმა ისარგებლა, რაც 3 %-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  (2019 წლის დეკემბერი  82,551 მგზავრი).

2022 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც. გასულ თვეს აეროპორტში რეისები 6 %-ით გაიზარდა და 306 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის დეკემბერი - 289 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 2023 წლის ივნისიდან კი ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ქალაქი პოზნანი 2009 წლიდან ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქია და ქუთაისი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელიც ყოველწლიურად პოზნანში იმართება.