თბილისი (GBC) – ამერიკის ახალი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ლინ ტრაისი მოსკოვში ჩაფრინდა. დიპლომატიურმა მისიამ ფოტო მასალა გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ელჩი მოსკოვის ერთ–ერთ აეროპორტში იმყოფება. ლინ ტრეისი ისტორიაში აშშ–ის პირველი ქალი ელჩია რუსეთში.

უკრაინისთვის Leopard–ის ტანკების გადაცემის გეგმას პორტუგალია და კანადაც შეუერთდნენ. პორტუგალიის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ მძიმე ტექნიკის უკრაინაში გადაზიდვას შესაძლოა 2–3 თვე დასჭირდეს.

წუხელ უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ისმოდა საჰაერო განგაშის ხმა, მათ შორის დედაქალაქში. უკრაინული მედია წერს, რომ რუსებმა დნებრს, ზაპოროჟიეს, ვილნიანსკს და ხერსონს საბრძოლო დრონებით შეუტიეს.

რუსების მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ხერსონში წუხელ ორი თურქული ტანკერი დაზიანდა. თურქული მედიის ცნობით, ტანკერების ბორტებზე ამ მომენტისთვის ხალხი არ იმყოფებოდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის აღმასრულებელი დირექტორი მათიას ვარნიგი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ ჰყვება. იგი შეეცადა პრეზიდენტისგან გაეგო უკრაინის წინააღმდეგ ომის რეალური მიზანი. კითხვაზე, თუ კონკრეტულად რის მიღწევა სურს პრეზიდენტს, პუტინმა უპასუხა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა.

რუსული არაყის მწარმოებელი Beluga Group იმპორტის ჩანაცვლების მიზნით ლიქიორის  Jagermeister და ვისკის Johnnie Walker ჩამოსხმას იწყებს.