თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 12 ნოემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ 2026 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება ₾7,6 მლრდ-ზე მეტი, მათ შორის:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება ₾1,2 მლრდ-მდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება ₾681მლნ
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ₾2,6 მლრდ-ზე მეტი
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება ₾570 მლნ-ზე მეტი
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება ₾820 მლნ-ზე მეტი
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია ₾150 მლნ
  • სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია ₾200 მლნ 

ხუციშვილმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2026 წელს გათვალისწინებულია ₾270 მლნ-ზე მეტი, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია ₾660 მლნ-ზე მეტი, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია ₾210 მლნ-ზე მეტი.

ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისიც განაცხადა, რომ როგორც წინა წლებში, 2026 წლის ბიუჯეტიც ამ ეტაპზე დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

  • რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს
  • მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3%-ია
  • საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის - 3%-ის ფარგლებშია
  • ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია ₾110,5 მლრდ-ის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს
  • 2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ₾140,9 მლრდ-მდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 13 900 დოლარს გადააჭარბებს
  • ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება ₾26,8 მლრდ-ის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,2%-ია
  • ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 35%-ის ფარგლებშია

2026 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 26 800,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის გეგმასთან შედარებით 1 495,0 მლნ ლარით მეტია. ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს ₾350 მლნ-ს.

„ნაერთი ბიუჯეტის ნაწილში, ასევე, მნიშვნელოვანი პარამეტრია საბიუჯეტო დეფიციტის და ვალის მაჩვენებლები. 2026 წელს, როგორც სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის  დეფიციტის მაჩვენებელი, პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მთავრობის ვალს, ჩვენ განვაგრძობთ მის ეტაპობრივ შემცირებას და 2026 წლის ბოლოსთვის, მისი მოცულობა პროგნოზირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის 34.9%-ის ოდენობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.