თბილისი (GBC) – დოლარის შედარებით დასუსტების პერიოდი ნელ-ნელა ახლოვდება, რაც ლარისთვის დამატებითი პოზიტიური ბენეფიტია, - ამის შესახებ თიბისის კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ „კომერსანტის დილაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით დოლარი 2.8 ლარის ფარგლებში იქნება წლის ბოლოსთვის, შემდეგ კი გამყარებაა მოსალოდნელი.

„არჩევნების ზეგავლენა ჩვენ უკვე გვაქვს. თუმცა, რატომ არ ჩანს ეს ლარის კურსში? მით უმეტეს, რომ აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები შეივსო? - სავალუტო შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეს ლარის კურსზე არ აისახა. საქართველოს ეკონომიკას სავალუტო შემოდინებების კუთხით აქვს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ზაფხული უკეთესია ვიდრე ზამთარი, მათ შორის ტურისტული შემოდინებებისა და ენერგომატარებლების გამო. ამის შემდეგ ჩვენმა დიდმა ნაწილმა ისწავლა, რომ ლარი სეზონურია, და ზაფხულამდე დაიწყო ლარის ყიდვა და ზამთრამდე ლარის გაყიდვა. ამ ქცევამ ის გავლენა იქონია, რომ ბოლო წლებში ლარის სეზონურობას ვეღარ ვხედავთ, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ლარს სეზონური მერყეობა ექნება, ვინც ცდილობს რომ ლარის კურსით მოიგოს, ის ზაფხულის სეზონის მოსვლამდე ყიდულობს ლარს და პირიქით.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების მოლოდინი დიდწილად ჩადებულია უკვე ლარის კურსში. მეორეს მხრივ სენტიმენტები შეიძლება უფრო გაუარესდეს, მაგრამ როდესაც მივალთ იქამდე რომ, ეს ყველაფერი გადაივლის და სენტიმენტები გაუმჯობესდება, ეს „დოლარში გადახურდავებები“, რასაც ახლა ბევრი ადამიანი აკეთებს, შემოტრიალდება ლარის მხარეს. ჩვენ ამას ვეძახით კარგი დროის ბუფერს და ეს გამოიწვევს ლარის გამყარებას.

ზუსტად მერყეობის დათვლა რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა ჩვენი პროგნოზით დოლარი 2.8 ლარის ფარგლებში იქნება წლის ბოლოსთვის, შემდეგ პერიოდში კი გამყარების პერსპექტივა არსებობს. დოლარის შედარებით დასუსტების პერიოდი ნელ-ნელა ახლოვდება, რაც ლარისთვის დამატებითი პოზიტიური ბენეფიტია. რაც შეეხება ევროს, იცით რომ მისი გამყარება ისტორიულად ლარის გამყარებას იწვევს“, - ამბობს ოთარ ნადარაია.

კომერსანტი