თბილისი (GBC) - Euromoney-ის 2025 წლის„Excellence" დაჯილდოების ფარგლებში TBC Bank საქართველოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა, ციფრული საბანკო სერვისების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა და ინოვაციებისთვის.

Euromoney-მ ასევე TBC საქართველოს საუკეთესო კვლევით ბანკად დაასახელა, ფინანსური ბაზრების კვლევის მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სტრატეგიული ინტეგრაციისა და მნიშვნელოვან გაუმჯობესებათა აღსანიშნავად.

„ამ მნიშვნელოვანი ჯილდოების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ლიდერ პოზიციას ციფრულ საბანკო სფეროში საქართველოში - უზრუნველვყოფთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებას onboarding-იდან ყოველდღიურ საბანკო მომსახურებასა და ინვესტირებამდე. კვლევისთვის მინიჭებული ჯილდო კი ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს და მზადყოფნას, მომხმარებლებს მივაწოდოთ დროული, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, რომელიც ეხმარებათ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში", - აცხადებს TBC Bank Group PLC-ის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე.

შეგახსენებთ, Euromoney წარმოადგენს გლობალურ საბანკო და ფინანსურ ინდუსტრიაში კონკურენტუნარიანობის ანალიტიკისა და საბაზრო შედარებითი მონაცემების წამყვან მომწოდებელს. უკვე 50 წელზე მეტია, ფინანსური ინსტიტუტები ენდობიან Euromoney-ს, რათა მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიას, აფასებს შედეგებს და ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღებას აღმასრულებელ დონეზე.