თბილისი (GBC) - საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
"2024 წლის ივნისში “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის N396 დადგენილებით (შემდეგში - დადგენილება) განისაზღვრა საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, პროფესიონალ წევრთა შერჩევის წესები და პროცედურები, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები, მოთხოვნები, მმართველობითი საბჭოს წევრთა ზღვრული ანაზღაურება. დადგენილების თანახმად, მმართველობითი საბჭო ცხრა წევრისგან შედგება, რომელთაგან რვა მათგანს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.
მმართველობითი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს სამი პროფესიონალი წევრისგან, რომელთაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი პოზიციისთვის საჭირო განათლება, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება და ხუთი პროფესიონალი წევრისგან რომელთაც დამატებით უნდა ჰქონდეთ ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ათი წლის პროფესიული ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულების დირექტორად მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. დადგენილების თანახმად, მმართველობით საბჭოს თანამდებობრივ წევრს, წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს შეარჩევს და საქართველოს პრემიერ მინისტრს დასანიშნად წარუდგენს შესარჩევი კომისია, რომელიც შედგება რვა წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის სამი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ორი წევრი.
დადგენილება ითვალისწინებს რიგ წესებსა და პროცედურებს მმართველობითი საბჭოს პირველად დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს პირველი შემადგენლობის დაკომპლექტების მიზნით, გამოცხადდა შესაბამისი კონკურსი და ამ ეტაპზე, მასში მონაწილეობის მიღების მსურველი კანდიდატები უფლებამოსილნი არიან 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით gbcareers@pensions.ge ელექტრონული ფოსტის მისამართზე დადგენილებითა და ვაკანსიის განცხადებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია გააგზავნონ.
განცხადება გამოქვეყნდა ორ საერთაშორისო პლატფორმაზე „The Economist და „The Financial Times” და ერთ ადგილობრივ პლატფორმაზე - hr.gov.ge", - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში