თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ კომპანია „ფინა"-ს მიერ ორგანიზებულ SupTech Summit 2024-ში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ვარლამ ებანოიძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის ინოვაციურ ინსტრუმენტებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სებ-ს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანად და გამჭვირვალედ განახორციელოს ფინანსური სისტემის  ზედამხედველობა. 

„ჩვენი მიზანია, ფინანსური ეკოსისტემის მზარდი სირთულის საპასუხოდ,  ზედამხედველობა  უფრო ეფექტიანი, პროაქტიური და მონაცემებზე ორიენტირებული გავხადოთ.  SupTech სტრატეგია ჩვენს საზედამხედველო პროცესებში ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზეა ორიენტირებული, როგორიცაა  ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი. ეს ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ მონაცემები რეალურ დროში, აღმოვაჩინოთ ანომალიები ადრეულ ეტაპზე და გავამარტივოთ საზედამხედველო ანგარიშგება, რაც საბოლოოდ გაზრდის გამჭვირვალობას", - აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.

SupTech Summit - ის სამიტის მიზანი საზედამხედველო ტექნოლოგიების სფეროს განვითარება და ფინანსური რეგულაციების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საქართველოს როლის წარმოჩენაა.

სამიტს, სადაც საზედამხედველო ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები განიხილეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.