თბილისი (GBC) - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო კოალიციის ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა. მისი განცხადებით, ამ შინაარსის წერილი დღეს, 6 აგვისტოს მიიღეს.

„უკვე 5 დღის განმავლობაში არალეგიტიმური ხელისუფლება – ქართული ოცნება, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, სხვები და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია ძლიერ საქართველოზე. ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენ საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ. 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავდასხმას ახორციელებს „ლელო ძლიერი საქართველოსა“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი. გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“. რომელზეც 2025 წლის პირველ ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ ის უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე რომელიც შეესაბამება ქართული ოცნების პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიების წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს – თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“.

ამის პარალელურად, ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჩვენ თავს გვესხმის აღსრულების ეროვნული ბიურო. ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო რომ კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცეთ ივანიშვილის ძალადობრივ რუსულ რეჟიმს“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

დღეს დილით ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ ახორციელებენ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს. ბიურო ამბობს, რომ მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

„ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს“, – წერია განცხადებაში.