თბილისი (GBC) - "რუსეთმა არჩევნებზე გავლენის მოხდენა ისწავლა", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„მე ვხედავ მაგალითებს რუმინეთიდან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან, რომ (რუსებმა) ნამდვილად გატეხეს კოდი, თუ როგორ მოახდინონ გავლენა არჩევნებზე“, - განაცხადა კაია კალასმა.
მისივე თქმით, დღევანდელი მეთოდები იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს, მოძველებულია და არ ითვალისწინებს ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენება.
„ვფიქრობ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. დემოკრატია ნდობაზეა დაფუძნებული და თუკი არჩევნებს ვეღარ ენდობი, როგორ შეიძლება შედეგებს ენდო“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კაია კალასის აზრს საქართველოს პრეზიდენტიც იზიარებს და X-ზე წერს, რომ ეს ყველაფერი საქართველომ ძალიან კარგად იცის და ამიტომაც არ უნდა იყოს აღიარებული ასეთი არჩევნების შედეგები.
"ახალი არჩევნები უფრო მკაცრი წესებით უნდა ჩატარდეს და მას მონიტორინგი უნდა გაუწიოს ევროკავშირის პარტნიორებმა", - დაწერა ზურაბიშვილმა.
#Georgiaprotests YES ! That is the lesson learnt in Georgia, attempted in Roumania and that is why the results of such elections should not be recognized and new elections with stricter rules should be supported and monitored by the Eu partners. Don’t let Russia use electoral war https://t.co/iCaFupMOLr
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 11, 2024