თბილისი (GBC) - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეორგანიზაცია განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებამდე დაიწყო, შესაბამისად, „მერიაში ძალიან ბევრი, დიდი ცვლილებები იქნება“. ამის შესახებ კალაძემ ოთხშაბათს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მერიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჭრილში ძალიან ბევრი არასწორი შეფასება მოისმინეს.
კალაძის მტკიცებით, თუ ადამიანი ნახავს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, ნახავს თარიღს და „აშკარად დარწმუნდება იმაში, რომ გამოცხადებული რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში“.
„გაცილებით ადრე გამოცხადდა რეორგანიზაცია, ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია, სამსახურების ოპტიმიზაცია და შესაბამისად, დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ. კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც რა თქმა უნდა, უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე და დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე. ბევრი შეფასებები მოვისმინეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველი, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საერთოდ არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან რეორგანიზაცია“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე, განმარტებები გააკეთა პრემიებთან დაკავშირებით.
„ასევე ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, რომ მაგალითად, გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ჩვენ ვიყენებთ პრემიების გაცემა-არგაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც არის ტყუილი, სიცრუე არ შეესაბამება სიმართლეს.
2017 წლიდან ვარ თბილისის მერი, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაცა დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან ვიღაცის მიმართ მქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება თავისის შეხედულებების გამო სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო. რაც შეეხება ზოგადად პრემიის საკითხს, პრემიას განსაზღვრავს კანონმდებლობა, ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის და რა თქმა უნდა, მისივე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რას რაც არის კანონით გათვალისწინებული. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ ვინმე დაგვეჩაგრა, ვინმეს მიმართ გვქონდა უსამართლო დამოკიდებულება.
ასევე გავრცელდა პეტიცია, რომელსაც 200-ზე ცოტა მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების სამსახურებში დაშანტაჟება, ბულინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება იმისთვის, რომ ვიღაცამ რაღაცას მოაწეროს ხელი ან არ მოაწეროს ხელის. ეს ქმნის ძალიან არაჯანსაღ სიტუაციას სამსახურებში, რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ პრემიებთან დაკავშირებით ჩვენ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვეუბნება კანონი. არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა გავაკეთებთ, რომ ადამიანები დავსაჯოთ რაღაც შეხედულებების გამო, თუმცა აქვე გეტყვით, რომ რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და ძალიან ბევრი, დიდი ცვლილებები იქნება მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.