თბილისი (GBC) - საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევნები ხვალ, 14 დეკემბერს ჩატარდება. „ქართული ოცნება“ ჩაატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც მხოლოდ ერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობს. 

ყაველაშვილი პრეზიდენტის კანდიდატად პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. კანდიდატის წარდგენისას კი მან ყაველაშვილზე: "ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება".

პრეზიდენტს საქართველოში ახალი, არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ, 5 წლის ვადით.

საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, საიდანაც 150 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით:

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი
  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ვე წევრი
  • 109 წევრი – საკრებულოებიდან წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული.

300 წევრისგან დღეის მოცემულობით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი; 20 წევრი ჰყავს პარტია „ახალს“; 20 წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“; 15 წევრი ჰყავს „ლელოს“, 14 წევრი ჰყავს გახარიას პარტიას. 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარასკევს დილითვე ისაუბრა 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე და განმარტა: „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ჰყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას ჯამურად ჰყავს 69 წევრი. 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომლებიც ცესკოს მხრიდან კვოტების შესაბამისად გადანაწილდა -109 წევრიდან 54 იყო „ქართული ოცნების“, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგინეს საკუთარი წარმომადგენლები საკრებულოებიდან. ამიტომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კვოტები გადანაწილდა სხვა პარტიაზე და „ქართულმა ოცნებამ“ აითვისა ეს კვოტები. ხვალინდელ არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 69 წევრი არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები“.

რაც შეეხება პროცედურას, ცესკო არჩევნებს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, 5 საათის განმავლობაში ჩაატარებს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და მთლიანად ცესკო წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას. კენჭისყრა არის ღია და სახელობითი, არ არის ფარული. 14:00 საათზე დასრულდება არჩევნები. შემდეგ უკვე ცესკო სხდომას ჩაატარებს, რომელიც საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ცესკოს სხდომაზე დაითვლება და გამოცხადდება საბოლოო შედეგი. პროცესის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლებს სპეციალური საშვების აღება მოუწევთ, რადგან საარჩევნოდ პარლამენტის წლიური აკრედიტაცია არ იმუშავებს.

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც პარლამენტის და არც საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. მან 30 ნოემბერს განაცხადა: „მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს პრეზიდენტს, შესაბამისად, ინაუგურაცია ვერ იქნება“.

ამავე პოზიციაზე არიან საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს: „სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში“, – აცხადებენ ისინი.

ვინ იყვნენ საქართველოს პრეზიდენტები?

ზვიად გამსახურდია - პრეზიდენტობის წლები: 1991-1992

ედუარდ შევარდნაძე - პრეზიდენტობის წლები: 1992-2003

მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის წლები: 2004-2013

გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტობის წლები: 2013-2018 წელი

სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის წლები: 2018-დან დღემდე

ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?

მიხეილ ყაველაშვილი 53 წლისაა, ის 1971 წელს ბოლნისში დაიბადა.

ღია წყაროებში ვკითხულობთ, რომ 1989 წელს ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, თუმცა უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს. პარლამენტის ვებსაიტზე ყაველაშვილის პირად გვერდზე განათლების გრაფა ცარიელია.

2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იმ მიზეზით, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის წინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას“, - თქვა 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილი არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს. ლიბერიას 2018-2024 წლებში ჰყავდა პრეზიდენტი ჯორჯ ვეა, 1995 წელს, პირველი და ერთადერთი „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი აფრიკის კონტინენტიდან.

ვეას, მილანის, პარი სენ ჟერმენის, მანჩესტერ სიტის, ჩელსისა და სხვა ცნობილი კლუბების ყოფილ ფეხბურთელს, 2005 წელს, როდესაც პირველად იყარა კენჭი ლიბერიის პრეზიდენტად, და ჰარვარდის განათლებამიღებულ ოპონენტთან დამარცხდა, ასევე აკრიტიკებდნენ უმაღლესი განათლების არქონის გამო.

2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ ის ფლობს 22 000 დოლარად ნაყიდ ავტოფარეხს გაბაშვილის ქუჩაზე. სხვა უძრავ ქონებაზე ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში ინფორმაცია არ არის მითითებული. ამავე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი არის შპს „გეომაკის“ წილის 40%-ის მფლობელი.

მიხეილ ყაველაშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ აიღო სამომხმარებლო სესხი 84 000 ლარის ოდენობით და, რომ ხელფასის სახით აღებული აქვს 49 416 ლარი. სხვა გრაფები დეკლარაციაში ცარიელია.

ყაველაშვილის ქონებას იკვლევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორიც“, რომელიც წერს, რომ ცალკეული ველები ცარიელია წინა წლების დეკლარაციებშიც, რაც, სავარაუდოდ, არ ასახავს მისი ქონების რეალურ სურათს.

„ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის სპორტული კარიერა 1990 წლიდან იწყება.

მიხეილ ყაველაშვილის კარიერიდან ფეხბურთის ფანები ხშირად იხსენებენ „მანჩესტერ სიტიში“ მისი ყოფნის პერიოდს და ინგლისის ჩემპიონატზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში ყაველაშვილის მიერ გატანილ გოლს.

ყაველაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც 1990-იან წლებში გავიდა საქართველოდან და გახდა დიდი გუნდის ლეგიონერი.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია.

1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორებიცაა: „მანჩესტერ სიტი“, „გრასჰოპერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“.

მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.

2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.

უფრო დეტალურად კი, საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე მისი სამუშაო გამოცდილების გრაფაში ვკითხულობთ:

  • 2016 წელს, ის იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე საფეხბურთო ექსპერტი.
  • 2009 - დღემდე არის FiFPro-ს დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი.
  • 2005 – 2006 წლებში იყო - საფეხბურთო კლუბ „ბაზელის“ ფეხბურთელი.
  • 2004 – 2005 წლებში - „არაუს“ ფეხბურთელი.
  • 2004 წელს - „ალანია-ვლადიკავკაზი“ ფეხბურთელი.
  • 2003 – 2004 წლებში - „სიონის“ ფეხბურთელი.
  • 2002 – 2003 წლებში - „ლუცერნის“ ფეხბურთელი.
  • 1999 – 2002 წლებში - „ციურიხის“ ფეხბურთელი.
  • 1997 – 1999 წლებში - „გრასჰოპერის“ ფეხბურთელი.
  • 1995 – 1997 წლებში - „მანჩესტერ სიტის“, ფეხბურთელი.
  • 1994 – 1995 წლებში - „ალანია-ვლადიკავკაზის“ ფეხბურთელი.
  • 1988 – 1995 წლებში - „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მიდის სწორედ მიხეილ ყაველაშვილი პოლიტიკაში და 2016–2020 წლებში მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება.

2024 წლის ნოემბრის ბოლოს კი ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.

კანონის თანახმად, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.