თბილისი (GBC) – ამერიკელმა სენატორმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯიმ რიშმა კონგრესში ქართველი ხალხისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა სადაც განაცხადა, რომ "საქართველოში რუსეთის იმპერიის აჩრდილები ჯერ კიდევ არიან და ჩნდებიან იმაში, რაც დღეს ხდება". სენატორმა დასძინა, ტაქტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იყენებს, არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება რუსეთში.

„ეს არის სისასტიკე. ის მოიცავს წამებას, მოიცავს დაპატიმრებებს. ყველაფერს, რასაც ძველი საბჭოთა კავშირიდან ვხედავთ. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს უნდა“, - აღნიშნა ჯიმ რიშმა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია, რომ ქართველი ხალხი ისწრაფვის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ და გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 %-ს სურს.

„სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება - „ქართული ოცნება“ - სულ უფრო შემაშფოთებლად იქცევა, მათ შორის ახორციელებს მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებასა და წამებას. მაგრამ არსებობს იმედი. ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას დაუწესოს სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ეს არ არის საიდუმლო. ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი, მათ იციან ვინ არიან, სახელმწიფო დეპარტამენტმა იცის ვინ არიან, ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის ვინ არიან ისინი. მაშ, მოდით, დავიწყოთ.

ღრმად ვარ იმედგაცრუებული, რომ ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ეს არ იქნება ტვირთი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ იქნება ტვირთი დასანქცირებული პირებისთვის. არ მესმის, რატომ არ განხორციელდა ეს. არაკომპეტენტურობის ბრალია, სიზარმაცის, თუ სხვა რამის, მაგრამ არ გაგვიკეთებია. მე მინდა მოვუწოდო ადმინისტრაციას, რომ ჩაერთოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გაკეთდეს: დაიცვას კანონი, რომელიც დავაწესეთ, ისარგებლოს შესაძლებლობით იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დავაწესეთ. ქართველ ხალხს არ სურს რაც იქ ხდება, არ სურს საბჭოთა კავშირში ან რუსეთში დაბრუნება. მათ სურთ დასავლეთისკენ ცქერა, უნდათ, იყვნენ ევროკავშირის, NATO-ს ნაწილი. მოდით, დავეხმაროთ მათ, რაც შეგვიძლია მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა სენატორმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, "ოცნებამ" 2028 წლის ბოლომდე უარი თქვა ევროპის კავშირის საბიუჯეტო გრანტებზეც.

ამის გამო, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, ძალის გამოყენება დაიწყო.

მე-15 ღამე გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ეს უკანასკნელი, 2028 წლამდე, ევროპის კავშირთან ყველანაირ ურთიერთობის გაწყვეტას მოიაზრებს.

დემონსტრანტები ითხოვენ ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

თავის მხრივ, კობახიძე და "ქართული ოცნება" რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს "ნაცმაიდანის" მონაწილეებს უწოდებს.

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს: წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს.

იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.