თბილისი (GBC) – უკრაინის საელჩომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დღეს, 27 სექტემბერს, გაავრცელა განცხადება სადაც ვკითხულობთ: მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. "მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

საელჩოს ცნობით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში.

„27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ტ. კოლოტილოვამ და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 1992-1993 წლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში. მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია.

უკრაინას ახსოვს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომში 5 738 მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა, მათ შორის 800 ქალი და 50 ბავშვი. 300 000-მდე ქართველი იძულებული გახდა, საკუთარი სახლიდან გამოქცეულიყო. იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაცემების შესაგროვებლად უკიდურესად შეზღუდული რესურსი ჰქონდათ, სავარაუდოდ, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ რიცხვებს მნიშვნელოვნად აღემატება.