თბილისი (GBC) – საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.

მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას  შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.

კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით ერევანში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა.