თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და X-ზე დაწერა, "ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე".

„რაც არ არის ნახსენები, არის ის, რომ მე (შეხვედრა) ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩსა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს გუშინ, 10 დეკემბერს შეხვდა.

„დღეს, ევროკავშირის ელჩმა მიიღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. მისი [ზურაბიშვილის] შრომა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დაცვაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომდევნო კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ბრიუსელში“, - დაწერა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ პლატფორმა X-ზე.