თბილისი (GBC) -7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 300 ათასი ტონა ყურძენი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო წერს. 

სააგენტოს თქმით, რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, მოსავალი უკვე დაბინავებულია - რაჭაში. 

ამ ეტაპზე აქტიური რთველი მიმდინარეობს საქართველოს მევენახეობის ცნობილ ლეჩხუმის რეგიონში, სადაც დარეგისტრირებულია ორი უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ტვიში“ და „ოყურეშის უსახელოური“. 

ქვეყნის მასშტაბით გადამუშავებული ყურძნიდან 296 ათას ტონამდე კახეთის, 1,7 ათას ტონამდე რაჭის, 304 ტონა ლეჩხუმის ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია.

ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 450 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა.

ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 486 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული. 

მევენახე ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს: 

  • კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა. ასევე, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს.
  • რაჭის რეგიონში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის  შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.