თბილისი (GBC) -  შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების 1 104 903 დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის თბილისში – 557 015.  

ჯარიმების რაოდენობის მიხედვით თბილისს მოსდევს იმერეთი - 118 392 სამართალდარღვევით. შემდეგი რეგიონია შიდა ქართლი - 88 852 სამართალდარღვევით. 

საერთო ჯამში ეს მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

 
საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულები სამართალდარღვევათა რაოდენობა 
თბილისი 557015
იმერეთი 118392
შიდა ქართლი 88852
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 85910
ქვემო ქართლი 77123
სამეგრელო - ზემო სვანეთი 46278
სამცხე - ჯავახეთი 40026
კახეთი 34183
მცხეთა - მთიანეთი 14623
რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 659

თბილისის ქუჩებში ყველაზე ხშირი სამართალდარღვევა 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით ფიქსირდებოდა, რაც გულისხმობს, - ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - ამ მიმართულებით თბილისში სულ 208 123 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ასევე, 111 809 სამართალდარღვევა დაფიქსირდა 125-ე მუხლის მე-6 ნაწილში, რაც გულისხმობს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

ქვეყნის მასშტაბით გასულ თვეებში გამოვლენილი ტოპ-5 დარღვევის სტატისტიკა ასეთია:

  1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 334 643 ფაქტი;
  2. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 314 336 დარღვევა;
  3. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 143 296 ფაქტი;
  4. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - ფიზიკური პირი - 43 842 დარღვევა;
  5. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა - გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა - 43 366 ფაქტი.

 

ცნობისთვის, 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით ჯამში სულ 4 565 990 ფაქტი დაფიქსირდა; 2022 წელს - 4 240 654; ხოლო, 2021 წელს - 3 142 677 სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი.