თბილისი (GBC) - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 აპრილს გამართულ აქციაზე, სადაც საზოგადოება ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებდა, პოლიციამ 63 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ოთხშაბათს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე მძიმე დაზიანება მიიღო ექვსმა პოლიციელმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის  166 და 173 მუხლებით 63 პირი დააკავეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 6-მა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით“, – განაცხადა დარახველიძემ.  

შს მინისტრის მოადგილის თქმით, დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა. ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება. ასევე დაუშვებელია საავტომობილო გზების პარალიზება. მისივე თქმით, შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონი, შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეებს უკრძალავს გზებზე განზრახ დაბრკოლებების შექმნას.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის "სპრეი" და ცრემლმდენი გაზი. დაშავებული და ნაცემია: ნაციონალური მოძრაობის ლიდერი - ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი თედ ჯონასი.

პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირის დატოვება 1–ელ მაისს, 4:00 საათის შემდეგ დაიწყეს.