თბილისი (GBC) – რუსეთის შსს–ს ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად პოლიტოლოგი და არხის „სოლოვიევ live“ წამყვანი სერგეი კარნაუხოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობას „რუსეთის სამხედრო დახმარება“ დასჭირდეს. იგი დარწმუნებულია, რომ თბილისში მიტინგები აშშ–ის მხარდაჭერით საქართველოს „მოღალატეების“ მიერ არის ორგანიზებული.

„მათი საბოლოო მიზანია – გამოათრიონ სააკაშვილი, მოაწყონ 152–ე ქართული მაიდანი, წამოსწიონ დესტრუქციული ძალები, ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გააჩაღონ. მათ ეს სჭირდებათ, რადგან ამის გარეშე ძალიან რთულია ჩვენი ძალების უკრაინის სამხედრო სცენიდან გამოდევნა“, – თქვა კორნაუხოვმა.

მისი თქმით, რუს ძალოვნებს ძალიან მარტივად შეუძლიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევა „ტერორისტული წარმონაქმნებისთვის კისრის მოგრეხვით“, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ კანონს აპროტესტებენ.

კორნაუხოვი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაყენების იდეითაც გამოდის, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებს.

„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი უნდა მოშორდეს. რა საჭიროა იგი? საქართველოში პროამერიკული ძალები თავიდან უნდა მოვიშოროთ. საქართველო მთლიანად უნდა გაიწმინდოს“, – განაცხადა კორნაუხოვმა.

რუსეთის ხელისუფლება მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ. რუსულ კანონს მხარს უჭერს.