თბილისი (GBC) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 1–ელ მაისს, 10:00 საათზე, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ბრიფინგს გამართავს.

ცნობისთვის, მთელი ღამე რუსთაველზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის  მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ.

აქცია ფიზიკური დაპირისპირებებისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის ძალისა და სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშლისას დაშავდა ათობით მოქალაქე. გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის "სპრეი" და ცრემლმდენი გაზი. დაშავებული და ნაცემია: ნაციონალური მოძრაობის ლიდერი - ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი თედ ჯონასი.

პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირის დატოვება 1 მაისს, გამთენიის 4 საათის შემდეგ დაიწყეს. იქამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ კიდევ ერთხელ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს.