თბილისი (GBC) – პოლონეთმა პროგრამაში Nuclear sharing მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა, რითაც თავის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული შეიარაღების განთავსება ოფიციალურად მოითხოვა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკიმ განაცხადა.

„ვსაუბრობთ პროგრამაზე, რომელსაც Nuclear sharing ეწოდება. ეს NATO-ს პროგრამაა, მაგრამ პოლონეთში ბირთვული შეიარაღების განთავსების შემთხვევაში მის გამოყენებაზე სრულ კონტროლს ამერიკელები აიღებენ. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა ევროპაში მუშაობს. მასში ბელგია, იტალია და გერმანია მონაწილეობენ. ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის მზადყოფნის შესახებ პოლონეთმაც განაცხადა“, – თქვა ზალევსკიმ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ NATO-ს ბირთვული ობიექტები, პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში, „რუსეთისთვის სამხედრო სამიზნე გახდება“.