თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 8.6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2023-2024 წლების I კვარტალებში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 938.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საქსტატის თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების 81.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ექსკურსანტების წილმა - 14.5% შეადგინა, ვიზიტორებმა - 4%  იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.