თბილისი (GBC) - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. პროექტს, რომლის სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს ხოლო მისი დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება, დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან: ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე.

„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო  ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და მოხარული ვარ, რომ ამ დასახლებაში ასეთი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.