თბილისი (GBC) – Unicef-ის კვლევის მიხედვით, ინფლაციისა და ეკონომიკური შოკის ფონზე საქართველოში დამატებით 17 ათასზე მეტი პირი შესაძლოა სიღარიბეში აღმოჩნდეს, აქედან 4255 კი ბავშვი იქნება. 

ასეთია Unicef-ის ახალი პუბლიკაციის გათვლები, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მიმდინარე ომმა განსაკუთრებით გააუარესა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსახლეობის მდგომარეობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშები აჩვენებს რომ რეგიონის ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე 24 700 დოლარამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა ომის გამო სსფ-მ ეს მაჩვენებელი 23600 დოლარამდე შეამცირა. ეს კი ნიშნავს რომ ომმა და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა შოკმა 424 მლნ ადამიანისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1 100 დოლარით (PPP) შეამცირა.

ეს კი ნიშნავს რომ ჯამში რეგიონში შესაძლოა 10 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდეს, აქედან 4 მილიონი კი ბავშვი იქნება. აქედან ყველაზე მეტად ზრდა რუსეთშია მოსალოდნელი. ომის გამო ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი 19%-ით იზრდება. 

2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა.