თბილისი (GBC) -  კითხვით, რა გავლენა ექნება კანონს („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც საქართველოში დღემდე ევროპის კავშირი აფინანსებს, ჩვენ გიორგი აგირბაიას, "ProActive Group Georgia"-ს დამფუძნებელს მივმართეთ. თავიდანვე გეტყვით, რომ ორგანიზაცია 2016 წლიდან აქტიურად ქმნის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობებს საქართველოში და ზოგადად ევროპის მასშტაბით. ევროპელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ მრავალფეროვან  საგანმანათლებლო პროგრამებს, ფორუმებს, ევროპული გამოცდილების გაზიარების პროექტებს, არაფორმალური განათლების აქტივობებს. "პროაქტივი" ასევე ეხმარება სკოლებს, უნივერსიტეტებს თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს საერთაშორისო თანამშრომლობების გაძლიერების კუთხით, სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციაში. "პროაქტივის" დაფინანსების ძირითადი ნაწილი (80%-ზე მეტი) ევროპული გრანტის სახით არის მიღებული. ასევე აქვთ სხვადასხვა ფასიანი პროექტები და სერვისები განათლების სფეროში, როგორც დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა. გიორგი აგირბაის თქმით, "აღნიშნული კანონის მიღებას ახლავს მთელი რიგი რისკები და შესაძლო ნეგატიური გავლენები, რომელთა ნაწილი უკვე იგრძნობა პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის პროექტების განხილვისას".

გიორგი აგირბაია აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მონაცემებით, 2014-2020 წლებში ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაცვლით პროექტებში განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში, 11 000 მონაწილე იყო ჩართული. მათ შორის, როგორც სტუდენტები, ისე პროფესორ-მასწავლებლები. გიორგი აგირბაიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ათეულობით ახალგაზრდული ორგანიზაცია მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ევროპული განათლების შესაძლებლობების შექმნაზე, Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლით პროექტების სახით, ასევე ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივ პროექტებზე, ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა ისწავლონ ევროპაში, კვალიფიკაცია აიმაღლონ ევროპულ უნივერსიტეტებში თუ ორგანიზაციებში.

"ევროკავშირის აღნიშნული პროგრამები ფორმალური და არაფორმალური განათლების გზებით ხელს უწყობს იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რაც საქართველოს განათლების სისტემაშია, მსგავსი პროგრამები ეხმარება პროგრამის მონაწილეებს, ბენეფიციარებს, თეორიულთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების და კომპეტენციების განვითარებაში. 2021-2027 წლისთვის, ევროკომისიის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა ამ კუთხით და კანდიდატის სტატუსი მიღების შემდეგ უკვე ქართულ ორგანიზაციებსაც ჰქონდათ 2024 წლის მარტში ბრიუსელში, ევროკომისიაში ცენტრალიზებულ გრძელვადიან საგრანტო კონკურსებში პროექტების წარდგენის შესაძლებლობა. EU4Youth-ს პროგრამის ფარგლებში ამ პერიოდში არაერთი პროექტია განხორციელებული". - აღნიშნა გიორგი აგირბაიამ. 

მისივე თქმით, რისკები და ნეგატიური გავლენები: ორგანიზაციების სტიგმატიზება - ღირსების შემლახველია. ორგანიზაცია, რომელიც აძლიერებს სერვისებს, აწვდის რეგიონში და დედაქალაქში ნაკლები შესაძლებლობის მქონე მოწყვლად ჯგუფებს, ეხმარება ევროპული განათლების მიღებაში შენი ქვეყნის მოქალაქეებს, შენ ამ ორგანიზაციებს უცხოური გავლენის გამტარები, „აგენტები“ უწოდო - სამარცხვინოა. გიორგი აგირბაიას მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის შესაბამისად. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

"2012 წელს მსგავსი დაიწყო რუსეთშიც, რომელმაც რამდენიმე წელიწადში კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი ფაქტობრივად გააქრო რუსეთში, ხოლო 2024 წელს მსგავს რეესტრში რეგისტრირებულ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობაც აუკრძალეს", - აღნიშნა მან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, აგირბაია დარწმუნებულია, რომ დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგება საქართველოს და ქვეყანაში განათლების კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს. მისივე აზრით, ნაკლებად მოიპოვება დონორები, თუ პარტნიორი ორგანიზაციები ევროპაში და დასავლეთში ვისაც ისეთ ორგანიზაციებთან მოუნდეს იგივე საქმეების გაგრძელება, რომელიც მის ქვეყანას მტრად, უცხო ძალად აცხადებს.

"ყველანაირად ალოგიკური და შეუსაბამოა გინდოდეს ევროკავშირში გაწევრიანება და ამ დროს იღებდეს ასეთ კანონს, რომელიც მხოლოდ რუსებისთვისაა მისაღები", - განაცხადა აგირბაიამ.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების, დაწესებულებების თუ ორგანიზაციების ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში. შეზღუდავს რესურსების, ინოვაციების განვითარებას, თავისუფალი თანამშრომლობის შესაძლებლობას. მისივე თქმით, შეზღუდვას მეცნიერთა და სტუდენტთა მობილობას. საქართველოს აკადემიურ სექტორს ნაკლები ხელმისაწვდომობა ექნება სამეცნიერო კვლევით გრანტებზე, სამეცნიერო კოლაბორაციულ პროექტებზე ევროკავშირის ფარგლებში, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის აკადემიურ შედეგებზე.

"პროაქტივი" აქტიურად ახორციელებს ევროკავშირის Erasmus+ მოკლევადიან გაცვლითი პროექტებს, ასევე ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამებს, როგორც ევროკავშირისგან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაცია. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ აქტივობებს, რომელთა მონაწილეების, ბენეფიციარების 70% რეგიონიდან ან რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფის მოქალაქეები არიან (ახალგაზრდები, მოსწავლეები, მასწავლებლები, სტუდენტები, NEET ახალგაზრდები), რომელთაც არ აქვთ საქართველოში ევროპულ განათლების მიღების შესაძლებლობა, ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობის, იქაური კულტურის გაცნობის, ევროპაში ცხოვრების, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებთან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რაშიც "ProActive Group Georgia" ეხმარება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით.

"კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენ მოქალაქეებს ვეღარ დავეხმარებით, ვეღარ გავაძლიერებთ აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტებით, რაც მოქალაქეებისთვის კოლოსალურ თანხებთან და ბევრ ბიუროკრატიულ საკითხთან არის დაკავშირებული. "პროაქტივის" და ბევრი მსგავსი ორგანიზაციის ფიზიკურად არსებობა და ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ალბათ ბევრიც დახურვას ორგანიზაციას საქართველოში, ან სხვა ალტერნატიულ გაგრძელებას მოიფიქრებს", - აღნიშნა გიორგი აგირბაიამ GBC-თან საუბარში.

მისივე თქმით, კანონის მიღება აისახება განათლების დაბალ ხარისხზე მოქალაქეებში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, გაიზრდება სოციალური უთანასწორობა. აგირბაია მიიჩნევს, რომ ეს კანონი ადრე თუ გვიან ყველას შეეხება. საწყის ეტაპზე ყველაზე მეტად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებზე იქონიებს უარყოფით გავლენას. განათლების დაბალი ხარისხი პირდაპირ აისახება მათ დასაქმების და ანაზღაურების შესაძლებლობებზე. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქსა და რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები უფრო მეტად არათანაბარ პირობებში მოუწევთ ცხოვრება, შეზღუდული თავისუფლებით და შესაძლებლობებით. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ბევრი მასშტაბური პროგრამების ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი, USAID / აშშ-ს საელჩო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები.

"30 წელზე მეტია მათი დაფინანსებით ხორციელდება არაერთი წარმატებული პროგრამა, ამერიკელი მასწავლებლების, FLEX, Erasmus+, სამოქალაქო განათლების პროგრამა თუ სხვა. კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეზღუდავს, შეამცირებს ან სრულად გააქრობს მსგავს პროექტებს საქართველოში. ევროპულ სახელმწიფოს მხოლოდ ევროპული, დასავლური განათლებით ავაშენებთ. ხოლო, ეს კანონი კეტავს გზას ევროპის კავშირამდე. საქართველოს პარლამენტმა და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ამ კანონპროექტის შესაძლო ნეგატიური გავლენები და გაიწვიოს". - განაცხადა გიორგი აგირბაიამ.  

კითხვაზე, კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, აპირებთ თუ არა დარეგისტრირდეთ ე.წ. უცხოურ აგენტად, აგირბაიას პასუხია, რომ "არ აპირებს!"

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომლის მოცულობა გახლავთ 6 გვერდი და 11 მუხლი ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო მიღებული. ეს ორგანიზაციები ვალდებულნი იქნებიან, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს შემდეგს, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასავლურ ფონდებთან თანამშრომლობს და ლეგალურად მოქმედებს, ვერცერთ ლარს ისე ვერ იღებს დონორისგან და ვერცერთ თეთრს ვერ ხარჯავს ისე, რომ სახელმწიფომ, მისმა სხვადასხვა უწყებამ, ეს ტრანზაქცია არ დაინახოს.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის, 8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძესა და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს.

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა".

ამასთან, თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები, რომლის შინაარსიც სიძულვილის შემცველია.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, დააზიანეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ავტომობილები.

„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ პირველი მოსმენით პარლამენტში მმართველი პარტიის უმრავლესობამ 17 აპრილს მიიღო - 83 ხმით, მეორე მოსმენით კი 1–ლ მაისს - ასევე 83 ხმით.

მესამე, ფინალური მოსმენა 13 მაისსაა დაგეგმილი.