თბილისი (GBC) – Stoxx Europe 600 ინდექსი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში არსებული ევროპული აქციების 90%–ს მოიცავს, წლის განმავლობაში 17%–ით დავარდება 406 პუნქტის დონემდე. ეს იქნება 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, წერს სააგენტო Bloomberg, რომელიც თავის მხრივ Goldman Sachs–ისა და Bank of America–ს ანალიტიკოსების პროგნოზს ეყრდნობა.

„პროგნოზის ავტორებმა სამიზნე მაჩვენებლები გასულ თვეში შეამცირეს. ამასთან, პროგნოზირებული 406 პუნქტი ინდექსის 17%–ით ვარდნას გულისხმობს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ“, – ნათქვამია სტატიაში.

ვარდნის დინამიკას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის საკვანძოა ევროკავშირში მზარდი ინფლაცია და ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება.