თბილისი (GBC) – აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების ახალი ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გარშემო განვითარდა. აშშ-ის ძალებმა ირანის ლარაკის კუნძულზე ორი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რის შემდეგაც ირანმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა 30 აგვისტოს ლარაკის კუნძულზე ორ ირანულ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, დანადგარებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავდა და ისინი ჰორმუზის სრუტისკენ რაკეტებისა და საზღვაო ნაღმების გასაშვებად ემზადებოდნენ.
აშშ-ის მხარის განცხადებით, დარტყმები მიზანმიმართული და შეზღუდული იყო და მიზნად საზღვაო მიმოსვლისთვის არსებული საფრთხის განეიტრალება ისახავდა. ლარაკის კუნძული ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს, რომელიც მსოფლიოს ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმას საპასუხო მოქმედება მოჰყვა. ირანული მხარის ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით ორი ამერიკული სამხედრო ბაზა, „მუვაფაქ სალტი“ აზრაქში და „მეფე ჰუსეინი“ მუფრაქში, დაიბომბა. ირანმა განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად ბაზების ტექნიკურ და სარემონტო ინფრასტრუქტურას, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების განთავსების ტერიტორიებს მიადგა ზიანი.
ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან ირანის განცხადებაზე ზიანის შესახებ დეტალური კომენტარი თავდაპირველად არ გაკეთებულა. Reuters-ის ცნობით, იორდანიაში გაშვებული რაკეტების უმეტესობის გადაჭერა მოხერხდა და მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ირანულმა სახელმწიფო მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ამერიკული გემების მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ. ამ ცნობას აშშ-ის ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
ლარაკზე მსხვერპლია
ირანის სახელმწიფო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ლარაკის კუნძულზე აშშ-ის დრონების მიერ განხორციელებულ დარტყმას მინიმუმ ორი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი განაცხადა, რომ თავდასხმას ირანელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება მოჰყვა, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს იყო პირველი ცნობილი ამერიკული სამხედრო დარტყმა ირანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში. მხარეებს შორის კონფლიქტი უკვე მეექვსე თვეა გრძელდება.
ჰორმუზის სრუტე – დაპირისპირების მთავარი წერტილი
დაპირისპირების ახალი ეტაპი პირდაპირ აისახა ნავთობის ბაზარზეც. Reuters-ის ცნობით, ორშაბათს Brent-ის ფასი 2,85%-ით, 90,61 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო WTI 2,55%-ით, 85,53 დოლარამდე გაძვირდა.
სრუტეში საზღვაო მოძრაობა მნიშვნელოვნად შემცირდა – შაბათ-კვირას ხილული კომერციული გემების რაოდენობა დღეში ხუთამდე დაეცა. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის ინფორმაციით, შაბათს სრუტეში მიმავალ ტანკერს ჭურვი მოხვდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 30 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკელმა სამხედროებმა 83 კომერციულ გემს კურსის შეცვლა აიძულეს, სამი გემი მწყობრიდან გამოიყვანეს და კიდევ ორ გემზე სამხედროები გადასხდნენ.
აშშ-ისა და ირანის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი რჩება. ომამდე ამ სრუტეზე მსოფლიოს ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადიოდა.
Reuters-ის შეფასებით, ახალი ესკალაცია ზრდის რისკს, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო გაფართოვდეს, მაშინ როდესაც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
