თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე განაცხადა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმის ოფიციალური გახსნის შემდეგ, რომელიც 350-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით წინანდალში გაიმართა. მისი თქმით, სამი ქვეყნის ერთობლივი პროექტები ემსახურება არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვს როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებაში.
"შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ასობით აზერბაიჯანული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ტურიზმში, უძრავ ქონებაში. ცალკე უნდა აღინიშნოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტები", - აღნიშნა ჯაბაროვმა
ბიზნესფორუმი ეკონომიკის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, Azpromo-ს (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) ორგანიზატორობით წინანდალში გაიმართა.