თბილისი (GBC) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგამოცდო ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა სსტ ისო/იეკ 17025 მოთხოვნების შესაბამისი ყოველწლიური შეფასების პროცესი, რომელიც მიმდინარე წლის 11-12 ივნისს ჩატარდა და ყოველგვარი შეუსაბამობის გარეშე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, გარე აუდიტის მიმდინარეობისას, ლაბორატორიაში არცერთი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა, რაც სისტემის სწორი მენეჯმენტისა და გაზომვების ვალიდურობის მონიტორინგის დამსახურებაა.
ლაბორატორიული შედეგების სიზუსტესა და სანდოობას განსაკუთრებით განამტკიცებს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებში რეგულარული მონაწილეობა. ამჯერად, ჯივიპის საგამოცდო ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო ავტორიტეტული საერთაშორისო პროვაიდერის, „ERA“-ს მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში (რაუნდი WP 375), რომელიც წყალში ქლორორგანული პესტიციდების განსაზღვრას ეხებოდა.
აღნიშნულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 947 ლაბორატორია მონაწილეობდა. გამოგზავნილ საკონტროლო ნიმუშში ჯივიპის ლაბორატორიამ 20 ქლორორგანული პესტიციდი განსაზღვრა, 100%-იანი, უტყუარი შედეგი აჩვენა და ERA-სგან ოფიციალურად მიიღო Laboratory of Excellence აღიარება.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო აღიარება და უმაღლესი მაჩვენებლები ლაბორატორიის გუნდის თავდადებული შრომის, მაღალი კვალიფიკაციისა და Aqualia-სა და ჯივიპის მენეჯმენტის მუდმივი მხარდაჭერის შედეგია, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას სტაბილურად შეინარჩუნოს მომსახურების უმაღლესი ხარისხი.