თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ 1 სექტემბრიდან ამოქმედებული რეგულაცია მიზნად ისახავს მომხმარებლების მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას და ის არ ეხება ჩვეულებრივ გადახდებსა თუ გადარიცხვებს.
დამატებითი დაცვის მექანიზმი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან რეგისტრირებული პროვაიდერი) ერთდროულად ოთხ გარემოებას გამოავლენს:
- ოპერაციის შინაარსი უკავშირდება თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობას (საინვესტიციო საქმიანობა, სათამაშო ბიზნესი ან ვირტუალური აქტივები);
- გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება;
- გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს;
- მომხმარებლის ასაკი 60 წელს აღემატება.
ოთხივე პირობის ერთდროულად არსებობისას, პროვაიდერი ვალდებულია 48 საათით შეაჩეროს ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულება, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსალოდნელი რისკების შესახებ.
48 საათის განმავლობაში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, ტრანზაქციის შესასრულებლად საჭირო იქნება მისი ცალსახა დადასტურება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში ბანკი ვერ დაუკავშირდა კლიენტს ან მომხმარებელი უარს იტყვის ოპერაციაზე, პროცესი შეჩერდება, თუმცა მას არ ექნება შეზღუდვა, მოგვიანებით ხელახლა დააინიციიროს ტრანზაქცია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მექანიზმი ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც წარმატებით მოქმედებს აშშ-ში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
ამასთან, რეგულაციის პირველი ეტაპი საბარათე ოპერაციებს შეეხო, ხოლო 2027 წლის 1 მაისიდან იგივე მოთხოვნები გავრცელდება ინტერნეტბანკითა და მობაილბანკით განხორციელებულ გადარიცხვებზეც.
