თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია "არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების".
„ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ კარგად დაინახა. მასზე ჯერ მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, ორი მილიარდი გაუჩერეს აბსოლუტურად ყაჩაღური, სამარცხვინო ფორმით. როცა საუბარია ევროპაზე, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით, გვიჩერებენ ორი მილიარდის თანხას, უჩერებენ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, მით უმეტეს, ადამიანს, რომელსაც ეკავა მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, ეს არის, რა თქმა უნდა, ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს ჩვენ 30-40 წლის წელი ევროპისგან ვერ წარმოვიდგენდით. თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა და ეს არის, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ საქმიანობისა და გავლენის შედეგი. ტრაგიკულია, ბუნებრივია ეს მდგომარეობა. ბიძინა ივანიშვილის არ ეშინია არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების. გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა.