თბილისი (GBC) - სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სწრაფი პოლიტიკური და სტრატეგიული გადაჯგუფების პარალელურად, აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი მეთიუ ბრაიზა Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "საქართველო კრიზისშია, ის აღარ არის ევროპული ქვეყანა, ის ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესოა, ის რუსეთის ორბიტაზეა გადართული, საქართველო დაღმავალ სპირალშია". 

დიპლომატის თქმით, საქართველო აღარ განიხილება ევროპული ოჯახის წევრად.

„რაც შეეხება საქართველოს, ის კრიზისშია. საქართველო ის აღარ არის, რაც იყო. ის აღარ არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ მიდის. ის გაჭედილია და ეს რუსეთის ჩანაფიქრით ხდება, რა თქმა უნდა, თბილისში ზოგიერთი ადამიანის დიდი დახმარებით. საქართველო ისედაც სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ის ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებ საინტერესოა. ის ევროკავშირთან ასოცირების გზაზე არ დგას. ის აღარ განიხილება ტრანსატლანტიკური ოჯახის ნორმალურ წევრად ან თუნდაც ევროპული ოჯახის წევრად. მისმა მთავრობამ განაცხადა, რომ შეაჩერებს ამ ასოცირების ძალისხმევას.

ევროკავშირმა სანქციები დააწესა და ნათლად განაცხადა, რომ ისინი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას მეგობრულად არ მიიჩნევენ. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობაც იმავეს ფიქრობს. ასევე, დიდი შანსია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება დაკარგონ. ამგვარად, საქართველო ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან სრულიად არის გათიშული და რუსეთის ორბიტაზეა გადართული. ამგვარად, საქართველომ საკუთარი თავი სრულად გამოთიშა ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან და მთლიანად რუსეთის ორბიტაში მოექცა.

როდესაც საქართველოს ლიდერები სასაცილო რაღაცებს ამბობენ, როგორიცაა „ამერიკელები და ევროპელები ცდილობენ ახალი ფრონტის გახსნას და საქართველოს ომში ჩათრევას“, ეს იმდენად აშკარა ტყუილია და ანტიდასავლური პროპაგანდის ელემენტია, აჩვენებს, რომ მთავრობა მოსკოვის მარიონეტია. არავის სურს ასეთ მთავრობასთან ურთიერთობა. მას არ ენდობიან. ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში ასეთ ვითარებაში? არავინ. არავინ.

საქართველო დაღმავალ სპირალშია. ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს. ძნელია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ქართველების მიღწევების დიდი ნაწილი იმსხვრევა. მისი აღდგენა ძალიან რთულია, განადგურება ძალიან ადვილი“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

ინტერვიუ ჩაწერილია 18 ივლისს. 

მეთიუ ბრაიზა (Matthew Bryza) ამერიკელი დიპლომატია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებში 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან. მისი საქმიანობა განსაკუთრებით გამოირჩეოდა კავკასიის რეგიონში ამერიკის ინტერესების გაძლიერებით.

2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ბრაიზა აქტიურად სტუმრობდა თბილისს, ხვდებოდა საქართველოს ხელისუფლებას და აფიქსირებდა მკაცრ პოზიციას რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ. მისი განცხადებები ხშირად გამოხატავდა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ამერიკელი დიპლომატი ერთ-ერთი მთავარი დამცველი იყო ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიდა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს რეგიონში.