თბილისი (GBC) - სააგენტო AP წერს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიემგზავრება მილანში, სადაც ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე 6 თებერვალს მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან. იგი უხელმძღვანელებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დელეგაციას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, რის შემდეგაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს გასულ წელს თეთრი სახლის შუამავლობით დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას.

"ეს ერთკვირიანი ტურნე შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ მცირე საერთაშორისო ვიზიტთაგან, რომელსაც ვენსი წელს განახორციელებს", - წერს AP.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სიუზი უაილსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები უფრო მეტად საშინაო საკითხებსა და ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე იქნებიან ფოკუსირებულნი.

იტალიის შემდეგ ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც ტრამპმა მას დაავალა იმ შეთანხმების განმტკიცება, რომელიც ორ ქვეყანას შორის 40 წლიანი კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

ეს სამშვიდობო ხელშეკრულება აძლიერებს აშშ-ის პოზიციებს რეგიონში იმ დროს, როდესაც რუსეთის გავლენა მცირდება. ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმების ფარგლებში დათანხმდა საკვანძო სატრანსპორტო მარშრუტების გახსნას და აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ძირითადი სატრანზიტო დერეფნის შექმნას, რომელსაც ეწოდა „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.

მოსალოდნელია, რომ იგი ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანსა და მის ანკლავს ნახიჩევანს, რომლებიც სომხეთის ტერიტორიის 32-კილომეტრიანი მონაკვეთით არიან დაშორებულნი. ვენსის მისია ამ ვიზიტისას ჰგავს ოქტომბრის დავალებას, როდესაც ის ისრაელში გაემგზავრა ღაზაში ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებიდან რამდენიმე კვირაში, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციის ერთგულება ამ მცდელობისადმი.

მილანში ზამთრის ოლიმპური თამაშების გახსნას ასევე დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი მილანში 6 თებერვალს გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება. 

მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად, უკვე მილანშია.