თბილისი (GBC) - უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ხუთშაბათს, 14 მაისს, პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეჭვმიტანილს უფლება ეძლევა პატიმრობიდან 140 მილიონი გრივნის (დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
გირაოს გადახდის შემთხვევაში, ერმაკი ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებელთან ყოველი მოთხოვნისთანავე, შეატყობინოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლის შესახებ, არ დატოვოს კიევის ფარგლები, ჩააბაროს პასპორტები შესანახად და თავი შეიკავოს ეჭვმიტანილებთან და მოწმეებთან ურთიერთობისგან.
კერძოდ, მას ეკრძალება კონტაქტი ეჭვმიტანილებთან: ჩერნიშოვთან, მინდიჩთან, ლისენკოსთან, ოპალჩუკთან, სირანჩუკთან და მედვედევასთან. ასევე, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ერმაკი ვალდებულია ატაროს ელექტრონული სამაჯური.
სასამართლოს დადგენილება გამოცხადებისთანავე ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას. მისი გასაჩივრება შესაძლებელია გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში და ის კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ.
დადგენილების სრული ტექსტის გამოქვეყნება 18 მაისს იგეგმება. ერმაკის ადვოკატებმა სასამართლო დარბაზში განაცხადეს, რომ ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თავად ერმაკმა აღნიშნა, რომ გირაოსთვის საჭირო თანხა არ გააჩნია, თუმცა „მეგობრების“ იმედი აქვს.
12 მაისს უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაიწყო მოსმენა პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, ანდრეი ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. საქმე ეხება კიევის მახლობლად მდებარე ელიტარულ მშენებლობაზე 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციას.
„ნაბუ“-მ (NABU) და „საპ“-მა (SAP - სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა) 11 მაისს საღამოს ერმაკთან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოგვიანებით მას ბრალი წარედგინა კიევის ოლქში, კოზინში მდებარე ელიტარული საკოტეჯო დასახლება „დინასტიის“ მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციის საქმეზე. გამოძიების მონაცემებით, მშენებლობისთვის საჭირო სახსრები, შესაძლოა, მათ შორის „ენერგოატომში“ არსებული კორუფციული სქემებიდან შემოსულიყო.
პროკურატურა პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისთვის პატიმრობას ითხოვდა, 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს ალტერნატივით.