თბილისი (GBC) – ამერიკელი მილიარდერი და ტექნოლოგიური მეწარმე ილონ მასკი მსოფლიოს ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მასკის ქონება 1.1 ტრილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული – უპრეცედენტო პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) წყალობით.
მასკის ქონების მკვეთრი ზრდა დაკავშირებულია მისი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის რეკორდულ IPO-სთან, რომელმაც $75 მლრდ მოიზიდა და კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $1.75 ტრილიონამდე გაზარდა.
Reuters-ის შეფასებით, მასკის სიმდიდრის მთავარი წყარო სწორედ SpaceX-ში არსებული წილია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $866 მლრდ–ს აღწევს. მისი აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს ასევე წარმოადგენს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში Tesla არსებული აქციები და სხვა ტექნოლოგიური ინვესტიციები.
მასკმა დამატებითი ყურადღება 2022 წელს სოციალური ქსელ Twitter-ის (ამჟამინდელი X) 44 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგაც მიიპყრო, რამაც მისი გავლენა ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ სფეროებში კიდევ უფრო გაზარდა.
54 წლის ილონ მასკი დაიბადა სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში. მისი ბიზნესიმპერია დღეს აერთიანებს კოსმოსურ ტექნოლოგიებს, ელექტრომობილებს, ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულ პლატფორმებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, Tesla-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიო ავტოინდუსტრიის ელექტრომობილებზე გადასვლაში, ხოლო SpaceX-მა კოსმოსური ინდუსტრიის გარდაქმნა შეძლო მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებისა და Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის მეშვეობით.
მიუხედავად ბიზნესწარმატებისა, მასკი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი პოლიტიკური განცხადებებისა და კომპანიების მართვის სტილის გამო. თუმცა ინვესტორების ნდობა მისი პროექტების მიმართ კვლავ მაღალი რჩება, რამაც საბოლოოდ მსოფლიოს პირველი ტრილიონერის სტატუსამდე მიიყვანა.