თბილისი (GBC) – სუამის (საერთაშორისო გაერთიანება: საქართველო–უკრაინა–აზერბაიჯანი–მოლდოვა) სამუშაო ორგანო ვიდეოკონფერენციის ფორმატში 23 ნოემბერს შეიკრიბა, სადაც გაერთიანების მონაწილე ქვეყნების მიერ ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის საკითხი განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაცია სუამის ოფიციალურ ვებგვერდზეა ატვირთული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მხარეებმა, მათ შორის შესაბამისი დარგობრივი უწყებებისა და სუამის სამდივნოს წარმომადგენლებმა თავისუფალი სავაჭრო ზონის საკითხზე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და ასეთი ზონისთვის საერთო წესების შემუშავების საკითხები განიხილეს.

1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი.

2006 წლის 22-23 მაისს, კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი.

ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით.