თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სავაჭრო ქსელ კარფურთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება - შეცვალოს საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც, წარსულში, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა:

• მომხმარებელს, კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს;

• მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია განათავსოს - სარეალიზაციო მაღაზიებსა და დისტანციური გაყიდვის სივრცეებში;

• საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასი მკაფიო და გასაგები ფორმით მიუთითოს;

• აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.

საკითხი ეხებოდა: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, მოქალაქე ცისანა ბირკაიას წარმომადგენლის, ია სირანაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას  - შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია"-სთან (სავაჭრო ქსელი კარფური) მიმართებით.

საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ  მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები განიხილა და მიიჩნია, რომ მოვაჭრის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.