თბილისი (GBC) – აეროპორტების გლობალური ოპერატორი TAV Holding გასულ წელს 95.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. TAV Holding-მა 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ჯგუფის შემოსავალი 258 მილიონი ევროთი, ანუ 24.6%-ით გაიზარდა.
TAV Holding-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი თურქეთის აეროპორტებზე მოდის, შემდეგ მას მოჰყვება ყაზახეთის, საქართველოს, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ხორვატიის აეროპორტები.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან TAV Holding-მა 115.2 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 17.2 მილიონი ევროთი, ანუ 18%-ით მეტი იყო. მათ შორის თბილისში ზრდა 17%, ხოლო ბათუმში ზრდა 20%-ს შეადგენდა.
TAV Holding-ის მონაცემებით, თბილისის აეროპორტის შემოსავალი 93.3 მილიონი ევრო (ზრდა 17%), ხოლო ბათუმის აეროპორტის შემოსავალი 21.9 მილიონი ევრო იყო (ზრდა 20%).
TAV Holding-ის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
თურქეთი - 512 მლნ ევრო;
ყაზახეთი - 414 მლნ ევრო;
საქართველო - 115 მლნ ევრო;
მაკედონია - 50 მლნ ევრო;
ტუნისი - 41 მლნ ევრო;
ხორვატია - 33 მლნ ევრო;
ომანი - 27 მლნ ევრო;
ლატვია - 26 მლნ ევრო;
ესპანეთი - 18 მლნ ევრო;
კატარი - 12 მლნ ევრო;
საუდის არაბეთი - 11 მლნ ევრო;
სხვა ქვეყნები - 50 მლნ ევრო.
commersant