თბილისი (GBC) – 2024 წელს, თებერვალში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, რიგით მესამე, ოფიციალური ვიზიტი გაიმართა უზბეკეთში. ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების (SIS) სექტორისა და შესაფუთი მასალების  ინდუსტრიის 14 კომპანია. 

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და საქართველოს ბანკმა 2022 წელს ცენტრალურ აზიაში სავაჭრო მიმოსვლისა და ექსპორტის ხელშეწყობა დაიწყო, რის შედეგადაც, 2022 წლის ნოემბერსა და 2023 წლის დეკემბერში უზბეკეთში ორი სავაჭრო მისია განხორციელდა.  მასში მონაწილეობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT), ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა (BPO) და სამშენებლო მასალების წარმოების ინდუსტრიებში მოქმედმა 25-მა ქართულმა საწარმომ მიიღო. ორივე მისიის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ  ჯამში 150-ზე მეტი B2B შეხვედრა  გაემართათ საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების პოტენციურ მყიდველებთან და პარტნიორებთან.  ასევე, მონაწილეობა მიეღოთ USAID-ის, უზბეკეთის IT პარკისა და AMCHAM უზბეკეთის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში. სავაჭრო მისიებში სხვადასხვა ინდუსტრიიდან მონაწილე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა  ფიზიკური თუ ონლაინ ფორმატის შეხვედრები გამართეს როგორც USAID - ის პროგრამისა და  საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, ასევე  მის მიღმა, რამაც კონკრეტული შედეგებიც მოიტანა.

“SIS სექტორი და შესაფუთი მასალების წარმოება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  პრიორიტეტული მიმართულებებია, ამავდროულად, ჩვენი მიზნები თანხვედრაშია ქვეყნის მისწრაფებასთან, განავითაროს ცოდნის ეკონომიკა და მცირე და საშუალო ბიზნესი. მონაწილე ქართული კომპანიებიც მოტივირებულები არიან, გაფართოვდნენ საერთაშორისო ბაზრებზე და გაზარდონ გაყიდვები. უზბეკეთში მსგავსი სახის მისიები ტექნოლოგიური თუ მსუბუქი მრეწველობის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის იძლევა უამრავ შესაძლებლობას არა მხოლოდ სამიზნე საექსპორტო ბაზრის ათვისების მიმართულებით, არამედ, ქართველ მეწარმეებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას, რეგიონში ახალი პარტნიორების გასაცნობად. შესაბამისად, ჩვენი პროგრამა მხარს უჭერს ქართული კომპანიების შესვლას და განვითარებას უზბეკეთის ბაზარზე.“ – აღნიშნა USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ახალაიამ.

უზბეკეთში სავაჭრო მისიების მიზანია, ქართულმა ICT, BPO და მსუბუქი მრეწველობის სექტორში მოქმედმა კომპანიებმა დაიმკვიდრონ ადგილი უზბეკეთის ბაზარზე, გაიღრმაონ კავშირები არა მხოლოდ პოტენციურ მყიდველებთან, რაც ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვებსა და შემოსავლებს გაზრდის, არამედ დაამყარონ ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორებთანაც, რაც ბაზარზე შესვლის წინაპირობაა. რიგით მესამე ოფიციალური მისია უზბეკეთში ეფუძნება გასული წინა ორი მისიის წარმატებას, გამოცდილებას და შედეგებს.

„საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად მუდამ ზრუნავს რომ მომხმარებელს საბანკო სერვისებთან ერთად განვითარების რეალური შესაძლებლობები შეუქმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ქართულმა კომპანიამ უკვე მიაღწია წარმატებას, დაამყარა ახალი კავშირები და გავიდა ახალ ბაზარზე. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ჩვენი ბიზნესების ზრდისა და  განვითარებისთვის საჭირო და ხელსაყრელი პირობების შექმნასა და შეთავაზებას“,- განაცხადა ოლღა ნაკაშიძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების უფროსმა მენეჯერმა.

მისიის კონკრეტული შედეგები:

· უზბეკეთში პირველი მისიის ფარგლებში სამმა კომპანიამ: WOWCHY, B2C.GE და Optimo, წარმატებით დაიმკვიდრა თავი ადგილობრივ ბაზარზე და წამოიწყო სავაჭრო ოპერაციები უზბეკეთში.

· ხუთი კომპანია აგრძელებს უზბეკურ ბაზარზე შესვლის პროცესს და ჩართულია გრძელვადიანი თანამშრომლობებისა  და ურთიერთობების დამყარებაში.

· კომპანია Payze-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და უზბეკეთის Fintech ასოციაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით, რაც ხელს უწყობს ამ ორქვეყანას შორის კავშირის კიდევ უფრო გაძლიერებას.

· მეორე მისიიდან მალევე, ორი თვის შემდეგ, Start Business Solutions-მა დაამყარა საკვანძო პარტნიორობა უზბეკეთის ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან. ეს თანამშრომლობა გულისხმობს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული ბიზნესებისთვის, და ხელს შეუწყობს უზბეკეთის ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის ზრდას, ცოდნის გაცვლას, საბაზრო კავშირების გაძლიერებას, და გაყიდვების განვითარებას.

· მესამე მისიის მონაწილე კომპანიამ 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é უკვე დაანონსა უზბეკეთში საგანმანათლებლო საკონსულტაციო ფილიალის - Loialte Academy - Uzbekistan გახსნა.